ქართული ენა - ქართველი ერის ენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა, მისი შემოქმედებისა, ნაციონალური თვითშეგნებისა. ქართულ ნაციონალურ ენაში აღიბეჭდა ქართველი ხალხის ისტორიის ეტაპები, - უძველესი ხანიდან მოყოლებული, - ყველა საფეხური, რომლებიც განვლო მისი კულტურის განვითარებამ, ამიტომ ხალხის მდიდარი წარსული, მისი კულტურის ინტენსიური განვითარება თავდებია ამ ხალხის ენის სიმდიდრისა და მძლავრი განვითარებისა.
ქართული ენა ქართველი ტომების საერთო ენაა. იგი აერთიანებს ქართველი ერის უმთავრეს ტომებს: ქართებს, მეგრელ-ჭანებს (ზანებს) და სვანებს. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ცნება „ქართული ენისა“ შეიცავს როგორც საკუთრივ ქართულ ენას, ისე მეგრულ ჭანურს (ზანურს) და სვანურს, თუმცა ვიწრო ლინგვისტური გაგებით მეგრულ-ჭანური (ზანური) და სვანური „ენებია“ (ქართველურ ენებად იწოდებიან. ისინი საერთო ქართული ფუძეენის დიფერენციაციის შედეგს წარმოადგენენ). ქართველი ერი ამ სამი უმთავრესი ქართველური ტომის ერთობლიობაა; ქართული ენა მთელი ქართველობის გამაერთიანებელია.
ქართველი ტომების კომპაქტურობა ძველი საუკუნეების მონაპოვარია. შუა საუკუნეებში ამ კომპაქტურობას და ერთიანობას საგრძნობლად შეუწყო ხელი ქართველი ტომების არსებობამ ერთ სახელმწიფოში და ქართული ენის მიღებამ საერთო ეროვნულ სალიტერატურო ენად.
ქართული ენა ისტორიულად ეროვნული კონსოლიდაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტს წარმოადგენდა.
ქართულმა სალიტერატურო ენამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის კომპაქტურობის შენარჩუნებაში, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო შემკრავი და შემადუღებელი მთელი ქართველობის ისტორიული განვითარების პროცესში.
ქართული სალიტერატურო ენა წარსულ საუკუნეებში საფუძველს უქმნიდა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისმოყვარეობას.
ქართული ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ცივილიზებულ ენებს. ამ ენაზე შეიქმნა ისტორიულ წარსულში უმდიდრესი ლიტერატურა - როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი. ეს ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: საეკლესიო-რელიგიური, ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საერო, ისტორიული, სასწავლო ხასიათისა და სხვ.
ქართულმა ენამ შემოგვინახა ისეთი თხზულებები ბიზანტიური მწერლობისა, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია, მათი აღდგენა კი შეიძლება მხოლოდ ქართული თარგმანებით; ქართულ ენაზე შემონახული ცნობები ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის შესახებ ავსებენ და სულ ახალ ასპექტში აშუქებენ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას; ქართულ ენაზე დაცულია ცნობები ბიზანტიური მწერლობის სრულიად უცნობი მწერლების შესახებ; ბიზანტიური ლიტერატურის ზოგი ნაწარმოები ქართულ ენაზე მოღწეულია ისეთი ვარიანტებით, რომლებიც სხვა აზრსა და მნიშვნელობას აძლევენ ამ ნაწარმოებებს. ამასთანავე ქართველი ხალხის კულტურული სახე ვერ მოთავსდება ხალხთა ბერძნულ-ქრისტიანული ოჯახით შემოსაზღვრულ ჩარჩოებში. ქართულმა მწერლობამ სპარსული, არაბული და სირიული ლიტერატურის უძვირფასესი ძეგლებიც შემოგვინახა. მაგალითად, ქართველებმა მე-12 საუკუნეში სპარსულიდან თარგმნეს სპარსული ლიტერატურის შედევრი „ვისრამიანი“. ქართული ვარიანტი სრულიად უნიკალურია და, ამდენად, დიდი ინტერესის შემცველი სპარსული ლიტერატურის თვალსაზრისით. დიდი ხანი არ არის რაც თეირaნში დაიბეჭდა „ვისრამიანის“ ტექსტი ქართული ვარიანტით გამდიდრებული, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწარმოების თავდაპირველი ტექსტის აღდგენისათვის.


Комментариев нет:
Отправить комментарий